ჭანგი, ანუ დაძმარება: ღვინის დაავადება, რომელსაც იწვევს ძმარმჟავა ბაქტერიები. დაავადებული ღვინის ზედაპირზე წარმოიქმნება მონაცრისფრო თეთრი აპკი, რომელიც დროთა განმავლობაში სქელდება და იძირება. დაძმარება ყოველთვის ღვინის ზედა ფენიდან იწყება და ვრცელდება მის ქვედა ფენებში. ძმარმჟავა ბაქტერიებით დასნებოვნებული ღვინო სასმელად უვარგისია, მაგრამ გამოიყენება კულინარიასა და ხალხურ მედიცინაში. შეედრება ძმარი.

ჭარიკა: თიხის დიდი ზომის ცალყურა ჭურჭელი გურიაში. ჭარიკა სამარნე ჭურჭელია და დაახლოებით ჩაფის ოდენაა.

ჭარიკი: ნახევარკოკა.

ჭაშნაგირი: ღვინის ჭაშნიკის გამსინჯველი, დამჭაშნიკებელი, ღვინის შემრჩევი, ღვინის გემოს მცოდნე მამაკაცი. (ჭაშნაგირს მეფისა თუ რომელიმე დიდგვაროვანის კარზე სხვა დატვირთვაც ჰქონდა).

ჭაჭა. დაჭყლეტილი ყურძნის გამოწნეხილი დურდო; ყურძნისა და ღვინის ნარჩენებისაგან გამოხდილი მაგარი სასმელი, დამახასიათებელი სპეციფიური გემოთი და სუნით. ჭაჭა ქართული ტრადიციული სასმელია.

ჭაჭანაური: ჭაჭაზე დაყენებული ღვინის სახუმარო ეპითეტი. (“შენ ღვინოვ ჭაჭანაურო, უცეცხლოდ ამოსდუღდები, ჭკვიან კაცთანა ბრძენი ხარ, უჭკვოსთან წამოჰქუხდები”, ხალხური.).

ჭაჭინა: იგივეა, რაც საშობური. ჭაჭის ამოსაღები; ქვევრიდან ჭაჭის ამოსაღები ოთხ – ხუთ კბილა ხელის მტევნის მოყვანილობის სპილენძის ან რკინის ერთგვარი ფიწალი, რომელსაც აქვს გრძელი ტარი. გვხვდება ქართლსა და კახეთში.

ჭაჭის ქუდი: სადუღარი, ჭურჭლის ზედაპირზე ალკოჰოლური დუღილის დროს მოტივტივე ყურძნის ჭაჭა.

ჭიგო: ვაზისათვის შესადგმელი დიდი საყრდენი სარი.

ჭიმჭა: იგივეა, რაც წიპწა, ყურძნის კურკა.

ჭინჭილა: სხვადასხვა ზომისა და ფორმის სასმისი ღვინისათვის, საიდანაც ღვინო ძნელად გადმოდის და ძნელი დასალევია. გვხვდება ძირითადად მცირე ზომის. უპირატესად აქვს პატარა, მინიატურული დოქის ფორმა.

ჭიღვა: წვრილი ჭიგო, რომელიც ესობა ახლად ჩაყრილ ვაზს, ახალშენს.

ჭიჭლა: თიხის მცირე ზომის ხელადის მსგავსი საღვინე ჭურჭელი ქართლ – კახეთში. გვხვდება, როგორც მოჭიქული ისე მოუჭიქავი.

ჭმახე: მოძმარებული.

ჭონი: თელის ხის კანისაგან გაკეთებული ვენახის ასახვევი.

ჭური: ქვევრის სახელი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონებში. ტერმინი ჭური გაცილებით ძველია, ვიდრე ქვევრი.

ჭურის დაგლესა: ჭურის ორგოებზე აყალოს დადება და კვეჟოთი მოტკეპნა.

ჭურის საგლესი: იგივეა, რაც კვეჟო.

ჭურის სარეცხელა: “კიბესავითაა, ქვევრს გადაადებენ ზევიდან დარეცხენ ტარიანი სარცხლით, რო ფარფლს არ მოხვდეს სარეცხელა და არ გაუტეხოს პირი”. იგივეა, რაც ოჭიორა

ჭურის ხელი: როდესაც ქვევრებს რეცხვას დააკლებენ ღვინო იძენს სპეციფიკურ, გაურეცხავი ჭურის არასასიამოვნო გემოსა და სუნს, რომელსაც ეწოდება “ჭურის ხელი”.

ჭურისთავი: ადგილი, სადაც ქვევრებია ჩადგმული. ჭურისთავი ხშირად ღია ცის ქვეშაა გამართული.

ჭურ-მარანი: ჭურები და მარანი ერთად, მარანი ქვევრებითურთ. იმერულ ღია ჭურისთავებსაც ჭურ-მარანს უწოდებენ.

ჭურნათხარა: ადგილი, სადაც ჭურების დასამზადებელი თიხა მოიპოვება.