
ყურძნის ბაზრობის საკითხს, ძველი დროიდანვე ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა საქართველოში, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ქუთაისში გადაღებული წინამდებარე ფოტოსურათი, რომელიც ამავდროულად უნიკალური შინაარსისაა. მასზე აღბეჭდილნი არიან ქუთაისის შემოგარენიდან და მახლობელი სოფლებიდან ყურძნის გასაყიდად ჩამოსული გლეხობა, რომლებსაც ყურძენი სპეციალურად, ყურძნისათვის მოწნული ერთგვარი გოდრებით აქვთ ჩამოტანილი. ყურძნის ტრანსპორტირების ასეთ მოხერხებულ საშუალებას, მაგალითად კახეთში „სულადის გოდორი“ ეწოდებოდა. ამგვარი გოდორი დაიდებოდა ურემზე, მასში ჩაიყრებოდა ყურძენი და ამრიგად ხდებოდა მისი ტრანსპორტირება. მართალია ფოტოსურათზე ყურძნის ბაზრობის მხოლოდ ერთი ნაწილია აღბეჭდილი, მაგრამ არსებობს ამავე პერიოდის სხვა ფოტომასალაც, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ ქუთაისში ყურძნის ბაზრობას გრანდიოზული მასშტაბები ჰქონია.
ისტორიულ ფოტოსურათზე აღბეჭდილი ხალხის ჩაცმულობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სურათის გადაღების პერიოდი გვიანი შემოდგომაა და ეს არცაა გასაკვირი, რადგან დასავლეთ საქართველოს არაერთი ვაზის ჯიში, სწორედ სიმწიფის გვიანი პერიოდით ხასიათდება და შესაბამისად გვიან შემოდგომით იკრიფება.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ყურძნის ტრანსპორტირების ასეთი მეთოდი, გადაზიდვისას მისი ხარისხის გაუარესებას არ იწვევს, რადგან ყურძენი მოწნულ ჭურჭელშია მოთავსებული – გარკვეულწილად სუნთქავს და არ ხურდება.

როგორც ისტორიულ–ეთნოგრაფიული წყაროებიდან ირკვევა, ყურძნისა და ღვინის ტრანსპორტირებას დიდი ყურადღება ეთმობოდა ძველ საქართველოში. მაგალითად ღვინით სავსე რუმბების ტრანსპორტირებისას, იმ შემთხვევაში, თუ ღვინო დიდ მანძილზე იყო გადასატანი, რუმბებს ზემოდან ხავსს გადააკრავდნენ და ტრანსპორტირებისას, პერიოდულად წყლით ასველებდნენ. ამგვარად ღვინოს გრილ პირობებში უწევდა შორს მანძილზე მგზავრობა.
კიდევ ერთი საინტერესო ცნობა – ღვინის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია:
ქართლის ცნობილი სოფლის – ხიდისთავის მცხოვრებნი თავიანთ განთქმულ ღვინოს – „ხიდისთაურს“, წელიწადის თბილ პერიოდში ჩაასხავდნენ რუმბებში, ჩადებდნენ მდინარე მტკვარში და თბილისამდე ამგვარად ჩაქონდათ გასაყიდად…
გიორგი ბარისაშვილი