რაჭა – ლეჩხუმი თავისი უნიკალური და ორიგინალური ღვინოებით გამოირჩევა დასავლეთ საქართველოს მევენახეობა – მეღვინეობის ზონებისა და მიკროზონებისაგან. ისტორიულად წარმოადგენს ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოების აკვანს. ის მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთით, მდინარეების – რიონის, ცხენისწყლის და ლაჯანურას ხეობებში – ვიწრო ზოლად. მისი ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც ყოველი მხრიდან შემოფარგლულია კლდოვანი ქედებით, რაც ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს, რომელიც განსაზღვრავს აქაური ღვინოებისათვის დამახასიათებელ ორიგინალურ თვისებებს. ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 600 – 800 მეტრ სიმაღლეზე. ჰავა ზომიერად ტენიანია. ნიადაგებიდან აქ გვხვდება ნეშომპალა – კარბონატული ნიადაგები, რომლებიც უმეტესად განვითარებულია კირქვებზე, მერგელებსა და კარბონატულ ქვიშაქვებზე.
რაჭის სამხრეთ ფერდობებზე, რომელსაც მზე უხვად ანათებს და რომლებიც კლდოვანი ქედებით არის შემოფარგლული, გაშენებულია ადგილობრივი ალექსანდროულის და მუჯურეთულის ვაზის ჯიშები, რომლებიც შაქრის დაგროვების დიდი უნარით (28 – 30 % – მდე) ხასიათდებიან. მათგან მზადდება უძვირფასესი, მაღალხარისხოვანი, წარმოშობის ადგილის დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო “ხვანჭკარა”.
ტვიშის მიკრორაიონში არსებული კლიმატი განაპირობებს იმერული ვაზის ჯიშის ცოლიკოურის ყურძენში მაღალ შაქარ – მჟავიანობას, რომელისგანაც ამზადებენ წარმოშობის ადგილის დასახელების თეთრ ბუნებრივად ტკბილ ღვინოს “ტვიშს”.
ლეჩხუმში, ზუბი – ოყურეშის მიკროზონაში ადგილობრივი ვაზის ჯიშის უსახელოურის ყურძნისაგან მზადდება უნიკალური, სასიამოვნო საგემოვნო თვისებების მქონე, ჯიშური დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო “უსახელოური”, ხოლო ორბელის მიკროზონაში ორბელური ოჯალეშის ჯიშისაგან მიიღება წარმოშობის ადგილის დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო “ორბელური ოჯალეში”.

წითელი

გამოყვანილი; დაქცეული; კაბისტონი შავი; კაპისტონი მრგვალი; კორტნულა; მსხვილთვალა შავი; მუჯურეთული; ნოშრიო; ორბელური; უსახელოური; ფეროვანი; ფერუანი; ღვანურა; ყვირა; ყორნისთვალა; ძველი ალექსანდროული.

თეთრი

გაბაშა; თავწითელა; თბილური; თეთრა ლაბილაძის; თვალდამწვრისეული; თოვანი; თუთაში; თქვაფუნა; თხმორულა; კუდურაული; მეკრენჩხულა; მცვივანი; რაჭული; უწყვეტი; ფაჩხატა; ფითრა; ქაქიტაური; ძველი თეთრა; წმინდა თეთრი.

სხვა

მოქათური; წითელოური; ურიშულა.