აბეჩხარი: ნავენახარი, გაოხრებული ვენახი. აბეჩხარი გადაბერებული ვენახია, სადაც ბევრი ვაზი უკვე გამხმარი და ამოვარდნილია. ასეთმა ვენახმა, თუმცა კი ცოტა, მაგრამ ხარისხიანი ყურძენი და ღვინო იცის. კახეთში აბეჩხარის ღვინო განთქმული იყო.
აგიდელა: გურული ხალხური სიმღერა, რომელსაც გურიაში ასრულებენ რთველის დროს, ბაბილოს გიდელით კრეფისას.
აგუნა: მევენახობა – მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაება. აგუნას რიტუალი საახალწლო და საშემოდგომო დღესასწაულზე სრულდებოდა. აგუნას კულტი გადმონაშთის სახით საქართველოს ზოგიერთ კუთხეში XIX ს._მდე შემორჩა.
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო: მევენახეობის სპეციფიკურ ზონაში წარმოებული, უმაღლესი ხარისხის ღვინო, რომელსაც მიკუთვნებული აქვს, ადგილის ისტორიულ – გეოგრაფიული სახელი, ასეთი ღვინოებია, მაგალითად: უსახელაური (ოყურეშული), წინანდალი,
ხვანჭკარა, მუკუზანი, ტვიში, ქინძმარაული და სხვ.
ავგარდანი: მარნის იარაღი, რომელიც გამოიყენება ქვევრის ძირში დარჩენილი ლექის, ღვინისა თუ ნარეცხი წყალის ამოსაღებად. სპილენძისაა და აქვს ხის გრძელი ტარი. ძირითადად ვხვდებით ქართლ – კახეთში. ავგარდანს ძველად სხვა დანიშნულებაც ჰქონია.
ავრეხი: გვარად უნაყოფო ვაზი.
ავსება ვენახისა: ვენახის შევსება ვაზით.
ავცარა: მარანი, ხშირად საცხოვრებლის გვერდით ჩრდილში ჩაყრილი ქვევრები.
აზამბარი: ზედმეტი ღვინის დალევინება სუფრასთან, ღვინის სმის წესის დარღვევისათვის, “ჯარიმა”.
აზარფეშა: უპირატესად ვერცხლისაგან დამზადებული ღვინის გრძელ ტარიანი სასმისი. შედარებით იშვიათად გვხვდება ოქროსი და სპილენძის აზარფეშებიც. აზარფეშებზე ხშირია, როგორც წარწერები, ისე ორნამენტებიც.
აკაციის ცრუფარიანა: Parthenolecanium corni Bouche (ლათ.) ვაზის მავნებელი. გვხვდება საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონში.
აკეთი: მექვევრეობით განთქმული სოფელი გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
აკიდო: გრძელ წნელზე ასხმული ყურძნის მტევნები ზამთრისთვის შესანახად; წყვილმტევნიანი რქაა, მოჭრიან და ისე ინახავენ.
ალკოჰოლური დუღილი: პროცესი, რომლის დროსაც დაჭყლეტილ დურდოში ან გამოწნეხილ ყურძნის ტკბილში არსებული შაქრები საფუარების ზემოქმედებით გარდაიქმნება ეთილის სპირტად. ეს პროცესი ჩვეულებრივ დაახლოებით 2 კვირა გრძელდება.
ალმაძგვირინე: (მეგრ.) მერიქიფე.
ამბოხი: ახლად დაწურული ყურძნის ტკბილი, ოდნავ შემაჭრებული და შუშხუნა. სამი – ოთხი დღის შემდეგ ამბოხი დამაჭრდება.
ამომაწაწურება: გარეცხილ ქვევრში ნარეცხი წყალის ნარჩენის მაწაწურით ამომშრალების პროცესი.
ამპელოგრაფია: მეცნიერება, რომელიც სწავლობს ვაზის ჯიშებს.
არამი: ვაზის ძირში გამოსული რქა.
ასკანა: სოფელი ოზურგეთის რაიონში, სადაც მოიპოვებენ და აწარმოებენ ასკანის თიხას, იგივე ასკანგელს, რომელსაც გამოიყენებენ მეღვინეობაში, ღვინისა და ყურძნის ტკბილის დასამუშავებლად; ვაზის რქაზე გამოსული ყლორტი.
ატენი: სოფელი ატენის ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტში. მევენახეობისმიკროზონა, სადაც ჩინურისა და გორული მწვანის ყურძნის ჯიშისაგან იწარმოებოდა, თეთრი ნახევრად ტკბილი ცქრიალა ღვინო ატენური.
ატენის ღვინოვ ნაქებო – ხალხური სიმღერა.
აყალო: მოზელილი თიხის მსგავსი ნიადაგი, რომელსაც დასავლეთ საქართველოში იყენებენ ჭურის თავის მოსატკეპნად, რათა ჭურში წყალი არ ჩავიდეს; აყალო – ესე არს მიწა საპონთ მსგავსი – საბა.
აყირო: გრძელყელიანი გოგრის ჯიში, მწარე კვახი, რომლისგანაც ამზადებენ, როგორც სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელს ისე ორშიმოსაც, რომელიც გრძელ ჯოხზეა მიმაგრებული და გამოიყენება ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად. აყიროს ნაყოფი მწარეა და საჭმელად
უვარგისია.
აცანა: სოფელი ლანჩხუთის მუნიცი პალიტეტში, სადაც ისტორიულად მისდევდნენ მექვევრეობას. აცანაში ქვევრი, თონე და ჭის გვიმი დღემდე მზადდება.
ახალშენი: ახლად გაშენებული, სრულ მსხმოიარობაში ჯერ კიდევ შეუსვლელი 2-3 წლის ახალგაზრდა ვენახის სახელი.
ახაშენი: სოფელი გურჯაანის რაიონში. მევენახეობის მიკროზონა, საიდანაც მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისაგან იწარმოება წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო ახაშენი.
ახოები: ადგილი გურჯაანის რაიონის სოფლების, კარდანახისა და ბაკურციხის გასაყარზე, სადაც განსაკუთრებული ხარისხის ღვინოს აყენებენ. გაშენებულია უპირატესად საფერავი და რქაწითელი, რომლებიც უმთავრესად განთავსებულია ძლიერ კარბონატულ და ხირხატ
ნიადაგებზე.