ხავერდოვანი ღვინო: ღვინო, რომელიც დაგემოვნების დროს ენას არ ღლის, ეალერსება.
ხაპი: გურიაში იგივეა, რაც ორშიმო; რაჭაში იგივეა, რაც საწნახელი.
ხარადოქი: დიდი ზომის დოქის სახელი, ძირითადად შროშის მიმდებარე მეჭურჭლეობით განთქმულ სოფლებში. ჩადის 8 – 10 ლიტრი ან უფრო მეტი ღვინო. შეედრება ხარა.
ხარალი: ხის ქერქი, რომლითაც ვაზს ახვევენ.
ხარდალი: პატარა ტიკჭორა, კუპრიელი; ზემო აჭარაში ეძახიან ყურძნის დაუდუღარ წვენს.
ხარდანი: დიდი ზომის სავენახე ჭიგო; სარიანი ვენახი.
ხარხინი: იგივეა, რაც წბერი.
ხელადა: ფართოპირიანი და მრგვალმუცლიანი საღვინე ჭურჭელი თიხისა. იტევს ორ ლიტრ ღვინოს. აქვს მცირე ზომის ტუჩი. გვხვდება უტუჩოც. (ჩაფში ჩადის 8 ხელადა).
ხელგრეხილა: დიდი ზომის საღვინე ჭურჭლის გრეხილი ყური, რათა ჭურჭელმა ხელში არ ისრიალოს.
ხელდოქა: წვრილთავიანი დოქი.
ხელდოქი: თიხის მომცრო ზომის დოქი. დოქზე მცირეა.
ხელიანი ღვინო: ღვინო, რომელსაც ახასიათებს გაურეცხავი ჭურჭელის გემო და სუნი. შეედრება ჭურჭლის ხელი.
ხელკალათი: ყურძნის საკრეფი კალათი, ჩადის 8 კგ._მდე ყურძენი. გამოიყენება სხვა დანიშნულებითაც.
ხელქოთანა: თიხის, თუნგისებური, პატარა ჭურჭელი, ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად. შეედრება ჩაფრუკა.
ხელშავი: იგივეა, რაც ყავარჯნიანი რქა.
ხელჩაფა: ღვინის საწყაოა, ჩადის ცხრა ლიტრი ღვინო. იგივეა, რაც ხელჩაფი.
ხვანჭკარა: სოფელი ამბროლაურის რაიონში. მევენახეობის მიკროზონა, სადაც ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან იწარმოება, წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო “ხვანჭკარა”.
ხვერი: იგივეა, რაც საზედაო მიწა.
ხვეფა: სამეგრელოში, ქვევრიდან ნარეცხი წყლის ამოსაღები ჭურჭელის სახელია.
ხიდარა: საწნახლის ორი სვეტი, რომელიც გაყრილია მაღლა უღელში და ქვევით საწელურში.
ხიდისთავი: სოფელი გორის რაიონში, ატენის გვერდით, სადაც ტრადიციულად ყურძნის ჯიშების – ჩინურის, გორული მწვანისა და თავკვერის ერთმანეთში შერევით აყენებდნენ განთქმულ ლალისფერ ღვინოს – “ხიდისთაურს”.
ხიზვა: ქვევრში გამდნარი ცვილის ამოსმა.
ხიზი : ქვევრში ამოსასმელად გამზადებული გამდნარი ცვილი; გაბზარული ქვევრების შესაკეთებლად მომზადებული მასა, მზადდება ცვილის, ნახშირისა და დაფხვნილი თიხის ცეცხლზე გაცხელებით.
ხინწკალი: ყურძნის მარცვლის წიპწა.
ხირხალი: ყურძნის მტევნები, ასხმული მრგვლად მოხრილ წნელზე.
ხორგო: დიდი ზომის საწნახლის სახელი რაჭაში.
ხოხნა: ვენახის მეორედ გათოხვნა.
ხრიალობა: ყურძნის მტევნის ზრდა – განვითარების ადრეული სტადია. ახლად დაყვავილებული მტევანი ხრიალობის ფაზაშია.
ხრიკა: იგივეა, რაც ორშიმო.
ხუნწალი: იგივეა, რაც კლერტი.
ხუნწკალი: ყურძნის მარცვლის წიპწის სახელი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ადგილას.
ხუხუბა: პირმოტეხილი ან ყელმოტეხილი საღვინე დოქის სახელი ლეჩხუმში.