ლეჩხუმი თავისი უნიკალური და ორიგინალური ღვინოებით გამოირჩევა დასავლეთ საქართველოს მევენახეობა – მეღვინეობის ზონებისა და მიკროზონებისაგან. იგი ისტორიულად წარმოადგენს ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოების აკვანს. ის მდებარეობს
იმერეთის ჩრდილოეთით, მდინარეების ცხენისწყლის და ლაჯანურას ხეობებში. მისი ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც ყოველი მხრიდან შემოფარგლულია კლდოვანი ქედებით, რაც ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს, რომელიც განსაზღვრავს აქაური
ღვინოებისათვის დამახასიათებელ ორიგინალურ თვისებებს. ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 600 – 800 მეტრ სიმაღლეზე. ჰავა ზომიერად ტენიანია. ნიადაგებიდან აქ გვხვდება ნეშომპალა – კარბონატული ნიადაგები, რომლებიც უმეტესად განვითარებულია
კირქვებზე, მერგელებსა და კარბონატულ ქვიშაქვებზე.
ლეჩხუმში, ზუბი – ოყურეშის მიკროზონაში ადგილობრივი ვაზის ჯიშის – უსახელოურის ყურძნისაგან მზადდება უნიკალური, სასიამოვნო საგემოვნო თვისებების მქონე, ჯიშური დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო “უსახელოური”, ხოლო ორბელის მიკროზონაში
ორბელური ოჯალეშის ჯიშისაგან მიიღება წარმოშობის ადგილის დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო “ორბელური ოჯალეში”.