კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა – მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. იგი იყოფა ორ ზონად: შიდა და გარე კახეთად. კახეთში გამოყოფილია 25-ზე მეტი მიკროზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი
ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჯაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვა.
საქართველოს ვენახების 65 – 70 % კახეთშია კონცენტრირებული. საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები გაშენებულია მდინარეების: ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400 – 700 მეტრ სიმაღლეზე, ტყის ყავისფერ, მდელოს
ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა – კარბონატულ, შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე.
კახეთში ჰავა ზომიერად თბილია, საშუალოდ წელიწადში აქტიური ტემპერატურის ჯამი 3500 – 42 000 – ს შორის მერყეობს, ატმოსფერული ნალექების ჯამი 400 – 800 მმ ფარგლებში, მზის ნათების ხანგრძივობა კი 2000 – 2200 საათს შეადგენს.
კახეთის მევენახეობის ძირითადი მიმართულებაა მაღალხარისხოვანი და ხარისხოვანი სუფრის თეთრი და წითელი, მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და სადესერტო ღვინოების წარმოება. ევროპული ტიპის სუფრის თეთრი, მაღალხარისხოვანი, საუკეთესო საგემოვნო თვისებების
მქონე ღვინოები მზადდება წინანდლის, ნაფერეულის, გურჯაანის, მანავის, საგარეჯოს და სხვა მიკროზონებში, ადგილობრივი უნიკალური თეთრყურძნიანი ვაზის: რქაწითელის, მწვანე კახურის, ხიხვის, ქისის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან. სუფრის წითელი მშრალი,
მაღალხარისხოვანი, სასიამოვნო ჯიშური არომატის მქონე ღვინოები მზადდება ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის საფერავისაგან, ქინძმარაულის, თელიანის, ახაშენის, მუკუზნის, ხაშმის, საგარეჯოს და კახეთის სხვა მიკროზონებში.
კახეთში მზადდება წარმოშობის აგდილის დასახელების, ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინოები, მხოლოდ ახაშენის, ქინძმარაულის და მუკუზნის მიკროზონებში. აქაური მიკროკლიმატი, ნიადაგები და ქართული ვაზის ჯიშის – საფერავის მაღალი შაქრის და მჟავების
დაგროვების უნარი განაპირობებს ამ ღვინოებისათვის დამახასიათებელ ჰარმონიულ, რბილ, ხავერდოვან, ხალისიან ტონებს და მაღალ საგემოვნო სპეციფიკურ თვისებებს.
კახეთმა საუკუნეთა მანძილზე შექმნა და ჩამოაყალიბა სუფრის ღვინის მშობლიური ტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ღვინოების არსებული ტიპებისაგან. იგი ერთადერთი მშრალი ორიგინალური ღვინოა მსოფლიოში. ამ წესით მიღებული ღვინო გამოირჩევა მაღალი
ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთების და ტანინის მაღალი შემცველობით, სასიამოვნო ბუკეტით, ჯიშური არომატითა და გემოთი; და რაც მთავარია კახური ტიპის ღვინო მდიდარია ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.