ზადიანი ღვინო: ღვინო, რომლის გემოშიც შეიმჩნევა გარეშე ნივთიერებების გავლენა. მაგ: ზედმეტი მუხის, გაურეცხავი ჭურჭლის, გოგირდწყალბადის, ოქსიდაციისა თუ სხვათა სუნი და გემო.

ზედამიწა: იგივეა, რაც საზედაო მიწა. მიწა, რომელსაც დასავლეთ საქართველოში აყალოთი მოტკეპნილ ჭურს ზემოდან აყრიან, რათა აყალო არ გამოშრეს. აღმოსავლეთში საზედაო მიწას აყრიან უშუალოდ ქვევრის სარქველს. 

ზედაშე: მამაკაცის მიერ საგანგებოდ დაყენებული წითელი ღვინო, რომელიც გამოიყენება მართლმადიდებლური წირვის დროს სეფისკვერთან ერთად წმინდა ბარძიმში ჩასასხმელად, რომელიც შემდგომ მაცხოვრის სისხლად და ხორცად გარდაიქმნება; ღვინო, რომელიც გამოიყენება ტაძარ-მონასტრებში შესაწირად ან რომელიმე საეკლესიო დღესასწაულზე დასალევად ოჯახებში. ზედაშე ახლო წარსულში აუცილებლად ქვევრში უნდა ყოფილიყო დაყენებული.

ზვარი: ადგილი მწკრივებად გაშენებული ვენახის რიგებს შორის; დიდი ზომის ვენახის სახელი ძველ საქართველოში.

ზრო: ვაზის ძლიერი ღერო.