დაბაგვა: იგივეა, რაც გადაწიდვნა ვაზის. შეედრება წიდა ვაზი.
დაბანძული: ვაზი, რომელსაც კარგად ასხია.
დაბლარი ვენახი: დაბლარად გაშენებული ვენახის ფორმირების ტიპი, რომლის სიმაღლე დაახლოებით ადამიანის სიმაღლეს უტოლდება. (არსებობს დაბლარი, ოლიხნარი, თალარი და მაღლარი ვენახი, იგივე ბაბილო).
დაბოშევა: არყის, ძმრის, ღვინის გაწყალება, გრადუსიანობის დაცემა ცუდი მოვლის გამო.
დაგოზვა: ჭურზე დაფარებულ ორგოებზე აყალო მიწის დადება და დატკეპნა. დაგოზილ ჭურში წყალი აღარ ჩადის.
დადაღული ღვინო: ნაკვერჩხლის ჩაგდებით სპირტ გამოცლილი ღვინო. ამგვარად ალკოჰოლ გაცლილ ღვინოს, რომელიც ძირითადად წითელი შეფერილობის იყო მიირთმევდნენ მოხუცებულები.
დადაშაჲ: ზედაშე, საზედაშედ შენახული ღვინო. რომელიმე ქრისტიანულ დღესასწაულთან დაკავშირებით: ერთ გარკვეულ ქვევრს შეარჩევენ და ყოველწლიურად იქ ინახავენ ღვინოს.
დადონდგილება: მაჭრის დადუღება, დაღვინება.
დათარგულება ვენახის: მაღლარ ვენახს, რომ გადმოიყვანდნენ ხიდან, მიწას მოუჩხრეკდნენ, ჩარგავდნენ და როდესაც გაიხარებდა, შეუშვებდნენ მეორე ხეზე ამ პროცესს უწოდებდნენ დათარგულებას.
დათვიყურძენა: რაჭაში იშვიათად ველური ვაზის ნაყოფს დათვიყურძენას ეძახიან.
დაკალიშება: კალიშით ყურძნის ჭაჭის გამოწნეხა.
დაკირვა (ქვევრის): ქვევრის გარე ზედაპირის კირხსნარით დადუღაბება, რასაც მიმართავენ, როგორც ქვევრის კედლების სიმტკიცისათვის, ასევე ნიადაგის ტენისაგან ღვინის დასაცავად.
დამასტის ქვევრ – მარანი: დარი – ავდარის სალოცავს, დამასტეს კახეთში ჰქონდა მამულები, ვენახები, საიდანაც მისი დღეობისათვის მიჰქონდათ ღვინო. (დამასტის ქვევრ – მარანს ხევისბერები დიდების წარმოთქმისას იხსენიებენ).
დამურგული მტევანი: ძლიერ შეკრული ყურძნის მტევანი, რომელსაც მარცვლები ერთმანეთზე მჭიდროდ აქვს მიბჯენილი, იგივეა, რაც კუმსი მტევანი.
დამუხლვა ვაზის: ვაზის ძირის მთლიანად გადაწვენა – გადაწიდვნას ვაზის დამუხლვა ჰქვია.
დანეკილი ვაზი: 2 – 3 კვირტზე გასხლული ვაზი, იგივეა, რაც ტუნკი ვაზი.
დარევა: სადუღარი ჭურჭელის ზედაპირზე ალკოჰოლური დუღილის დროს ამოტივტივებული ჭაჭის ჩარევა ქვევრში, ჩანში თუ სხვა ჭურჭელში. ხორციელდება სპეციალური სარეველათი.
დარიშვა: ჭაჭის დალექვა ქვევრის ძირში.
დასაბაგი: გადასაწიდნი ან ახალი ვენახის გასაშენებელი ვაზის რქა.
დასტი: ჭანნი კოკას უხმობენ (კოკის ჭანური სახელწოდება). დიდი ზომის საღვინეა.
დატოკება: ვაზისთვის საკავებლის მიცემა პირველად. ეს ხდება მეოთხე – მეხუთე წელს.
დატუნკება: ვაზის გასხვლის ფორმა ტუნკი ვაზი.
დაფორაჯება: ვაზის ფოთლის ავადმყოფობა.
დაქუსვლა: ქვევრის დასამზადებლად მოზელილი თიხის, ფეხის ქუსლებით დაზელა. თიხის ზელის ერთ – ერთი ეტაპი.
დაღეროვება: ვაზის რქის დამსხვილება, ღეროდ ქცევა.
დაყელვაჲ: ვაზის ტოტების გაფურჩქვნამდე მოზნექა და ჭიგოზე შეკვრა.
დაშარვა ვაზის: ვენახის გაშენება მწკრივებად.
დაჩეხილი ჭაჭა: ყურძნის დაწურვის ბოლოს საწნახელში ჭაჭა მაგრდება, იტკეპნება, რასაც შემდეგ ნიჩბით დაჩეხავენ და დანაჩეხს ნაწილნაწილ გამოწნეხავენ.
დაჩქოლება: ვენახის დამორჩება, კვირტის გამოტანის პროცესი.
დაცრეცილი ღვინო: თხელი ღვინო.
დაწბერვა: ყურძნის ჭაჭის წბერში გამოწნეხა.
დაწდომა: ღვინის ან ყურძნის ტკბილის დალექვა, დაწმინდავება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. დაწდომის შემდეგ ღვინოს ან ყურძნის ტკბილს გადაიღებენ, ძირს გამოუცვლიან.
დაწპელვა: საწნახელში დარჩენილი ჭაჭის ხელმეორედ დაწურვა.
დაჭანგებული: იგივეა, რაც დაძმარებული ღვინო.
დაჭაშნიკება: ღვინის დაჭაშნიკება, ღვინის გემოს გასინჯვა, მისი ხარისხის ავკარგიანობის დასადგენად. ღვინის დაჭაშნიკებას ამ საქმეში დახელოვნებული მამაკაცი ახორციელებს.
დაჭმახება: იგივეა, რაც ღვინის დაძმარება.
დაჭყეპვა: ყურძნის დაჭყლეტვა გობზე.
დახიზვა: გატეხილი ქვევრის ხიზით დაგმანვა, ხიზის წასმა, რომ ღვინო არ გაუვიდეს.
დახუნძვა: როდესაც ვაზს კარგად ასხია, მტევნებით დახუნძლულია.
დგვიფინა: წყლიანი ტკბილი ღვინო.
დეგუსტატორი: პირი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული უნარი ღვინის დასაჭაშნიკებლად და მისი ავკარგიანობის გასარჩევად.
დეგუსტაცია: ღვინის დაგემოვნების მცოდნე პირის მიერ, ღვინის გემოს გასინჯვა მისი ხარისხის დასადგენად. იგივეა, რაც დაჭაშნიკება.
დედაქვევრი: დიდი ზომის ქვევრი საწნახელთან ახლოს, რომელშიც ჩაედინება საწნახლიდან გამოსული ყურძნის ტკბილი.
დედოვაზი: გადასაწვენი ვაზი.
დერგი: თიხის მცირე ზომის ჭურჭელი, რომელსაც გამოიყენებენ, როგორც ოჯახურ მეღვინეობაში ისე სხვა სამეურნეო დანიშნულებითაც.
დობირა: საუკეთესო ნიადაგი ვაზის გასაშენებლად (დობირა ძველ გურიაში სავარაუდოდ სავენახე მიწას ნიშნავდა.).
დობერა: იგივეა, რაც დობირა.
დორა: ლეჩხუმში, მეთუნეობით განთქმულ სოფელ საირმეში წარმოებული, თიხის დიდი ზომის სამარნე ჭურჭელი. აქვს მხრებზე აქეთ – იქიდან მიმაგრებული ორი ყური. გამოიყენება ღვინის საწყაოდაც.
დორაკი: დორას ნახევარი.
დოსტაქანი: დიდი ზომის სასმისი ღვინისათვის. ამ სასმისის სახელი მოიხსენიება ვეფხისტყაოსანშიც.
დოქი: თიხის სხვადასხვა ზომის საღვინე ჭურჭელი. გვხვდება, როგორც მოჭიქული ისე მოუჭიქავი და გავრცელებულია მთელს საქართველოში. დოქი ღვინის სასუფრე ჭურჭელია.
დუნე ღვინო: ღვინო, რომელიც ძალზე მცირე მჟავიანობის გამო სიცოცხლეს არის მოკლებული, ანუ დუნეა.
დურდლი: თხლე. იგივეა, რაც დურდო
დურდო: დაჭყლეტილი ყურძნის მასა, კლერტიანად ან უკლერტოდ; წამხდარი ყურძენი.