რაჭა თავისი უნიკალური და ორიგინალური ღვინოებით გამოირჩევა დასავლეთ საქართველოს მევენახეობა – მეღვინეობის ზონებისა და მიკროზონებისაგან. ის მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთით, მდინარე რიონის ხეობაში – ვიწრო ზოლად. მისი ტერიტორია წარმოადგენს
ერთგვარ ქვაბულს, რომელიც ყოველი მხრიდან შემოფარგლულია კლდოვანი ქედებით, რაც ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს, რომელიც განსაზღვრავს აქაური ღვინოებისათვის დამახასიათებელ ორიგინალურ თვისებებს. ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 600
– 800 მეტრ სიმაღლეზე. ჰავა ზომიერად ტენიანია. ნიადაგებიდან აქ გვხვდება ნეშომპალა – კარბონატული ნიადაგები, რომლებიც უმეტესად განვითარებულია კირქვებზე, მერგელებსა და კარბონატულ ქვიშაქვებზე.
რაჭის სამხრეთ ფერდობებზე, რომელსაც მზე უხვად ანათებს და რომლებიც კლდოვანი ქედებით არის შემოფარგლული, გაშენებულია ადგილობრივი ალექსანდროულის და მუჯურეთულის ვაზის ჯიშები, რომლებიც შაქრის დაგროვების დიდი უნარით (28 – 30 % – მდე) ხასიათდებიან.
მათგან მზადდება უძვირფასესი, მაღალხარისხოვანი, წარმოშობის ადგილის დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო “ხვანჭკარა”.
ტვიშის მიკრორაიონში არსებული კლიმატი განაპირობებს იმერული ვაზის ჯიშის – ცოლიკოურის ყურძენში მაღალ შაქარ – მჟავიანობას, რომელისგანაც ამზადებენ წარმოშობის ადგილის დასახელების თეთრ ბუნებრივად ტკბილ ღვინოს “ტვიშს”.
წითელი
ალექსანდროული; არაბეული შავი; ბახვა; ბერბეშო; კირწმაგარა; მჟაველა; ნაკუთვნილი; ნაცარა; ძელშავი რაჭული; ხოტეურა; ხროგი.
თეთრი
ალექსანდროული თეთრი; არაბეული თეთრი; ბეგლარის ყურძენი; ბეროულა; ბუტკუა; თითა რაჭული; მეგრელაური; მწვანე რაჭული; საკმეველა; წულუკიძის თეთრა; ხიხვი რაჭული; ხოფათური.
სხვა
ალეში თეთრი.