ვაზის კულტურა, ქართველი ადამიანისათვის, უძველესი დროიდანვე იყო ზრუნვის საგანი, რაზეც თვალნათლივ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია, ბრინჯაოსაგან დამზადებული არაერთი სასხლავი, რომლითაც ჩვენი წინაპრები, ვაზს სხლავდნენ შორეულ ბრინჯაოს ხანაში. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კახეთში, სოფელი ბაკურციხის მიდამოებში აღმოჩენილი – ვაზის ბრინჯაოს სასხლავი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. სოფელი ბაკურციხე და მისი შემოგარენი შესაძლოა, რომ კახეთის მევენახეობის კლასიკურ და ამავდროულად უძველეს ადგილად ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ბრინჯაოს უძველესი სასხლავი სწორედ ამ ადგილას, კახეთის მევენახეობის ეპიცენტრში იქნა აღმოჩენილი. ამ უძველეს სასხლავს საკმაოდ დახვეწილი და პრაქტიკული ფორმა აქვს, რაც განპირობებულია ვაზსა და მის ბუნებაზე – ხანგრძლივი და ამავდროულად პრაქტიკული დაკვირვებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ტიპის სასხლავებით, ვენახის გასხვლის პრაქტიკამ, თითქმის XX საუკუნემდე მოაღწია, რომლის შემდეგ, ქართულ მევენახეობაში დამკვიდრდა – ვაზის მაკრატელი, ე.წ. „სეკატორი“. აქვე ისიც აღსაღნიშნავია რომ, სასხლავი დანით გასხლული ვაზი, ჭრილობის შეხორცებისა და ზედმეტი ენერგიის დახარჯვის თვალსაზრისით, ვაზის მაკრატელთან შედარებით, დიდი უპირატესობით გამოირჩევა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ, ჩვენს წინაპრებს ვაზის გასხვლის საქმე, ჯერ კიდევ 3000 წლის წინათაც კი კარგად სცოდნიათ და რაც მთავარია, ამისათვის სპეციალური სასხლავი იარაღიც შეუქმნიათ. ვაზის ამგვარ სასხლავებს არა მხოლოდ კახეთში, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც ვხვდებით, რაც იმის მანიშნებელია, რომ კულტურული მევენახეობა და მეღვინეობა, არა მხოლოდ ცალკეულ რეგიონებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კარგად განვითარებული იყო უძველესი დროიდან.

გიორგი ბარისაშვილი