ქართლი –  უძველესი ქართული კულტურის აკვანი. იგი ცნობილია კლასიკური ევროპული ტიპის ხარისხოვანი სუფრისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოებით. ქართლი იყოფა სამ ზონად: ქვემო, შუა და ზემო ქართლად ანუ მესხეთად. ვენახები გაშენებულია მდინარეების: მტკვრისა და მისი შენაკადების, ლიახვისა და ქსნის ვრცელ აუზებში, ზღვის დონიდან 450 – 700 მეტრ სიმაღლეზე, მდელოს ყავისფერ, მდელოს ალუვიურ, რუხ ყავისფერ (წაბლა) და ნეშომპალა – კარბონატულ ნიადაგებზე. ჰავა ზომიერად თბილია, საშუალოდ წელიწადში აქტიური ტემპერატურის ჯამი 3030 – 41000 – ს შორის მერყეობს, ატმოსფერული ნალექების ჯამი 370 – 700 მმ ფარგლებში, მზის ნათების ხანგრძივობა კი 2100 – 2500 საათს შეადგენს.
ქვემო ქართლი წარმოადგენს საუკეთესო ზონას სასუფრე ყურძნის და ქიშმიშების წარმოებისათვის.
შუა ქართლი ქართლი სხვა ქვეზონებს შორის მევენახეობა – მეღვინეობის თვალსაზრისით საინტერესოა. იგი განეკუთვნება ხარისხოვანი კლასიკური ევროპული ტიპის სუფრისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოების წარმოების ზონას. აქ, ატენის ხეობაში უძველესი დროიდან ამზადებდნენ ტრადიციულ ტექნოლოგიით წარმოშობის ადგილის დასახელების ცქრიალა ღვინოს “ატენური” – ს სახელწოდებით, ადგილობრივი ვაზის გორული მწვანის და ჩინურის ყურძნისაგან. აღნიშნულ ქვეზონაში აწარმოებენ მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ და ვარდისფერ ღვინოებს როგორც გორული მწვანის და ჩინურის, ასევე ბუდეშურის, თავკვერის და სხვა ადგილობრივი ჯიშების ყურძნისაგან. ამ ქვეზონიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქსნის ხეობა (მუხრანის ველი), სადაც ფრანგული ვაზის ჟიში ალიგოტე დიდი მასივების სახით არის წარმოდგენილი და იძლევა ევროპული ტიპის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების წარმოებისათვის საჭირო მაღალხარისხოვან ღვინომასალას.
ზემო ქართლის – მესხეთის ტერიტორიაზე ამჟამად მევენახეობა – მეღვინეობას არ აქვს სამრეწველო ხასიათი. წარსულში, როგორც ამას მოწმობენ მატერიალური კულტურის ძეგლები (მარნები, ქვევრები, საწნახელები, სასმისები და სხვა), რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს იქნა აღმოჩენილი, ადასტურებენ, რომ მევენახეობა – მეღვინეობა მესხეთში ფართოდ ყოფილა განვითარებული, ეს მხარე დიდი ხნის განმავლობაში (2,5 საუკუნე) თურქეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და აქ იძულებით იყო გავრცელებული მაჰმადიანობა, რომელიც ღვინის მოხმარებას კრძალავდა, რამაც გამოიწვია ვენახების განადგურება, რომლის გაშენებაზეც რუსეთის ცარიზმის პერიოდში არავის უზრუნვია.
XX საუკუნის 30 – იანი წლებიდან საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ამ მხარეში სისტემატურად აწარმოებს სპეციალურ გამოკვლევებს, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ პერსპექტიულია ევროპული ტიპისა და ცქრიალა ღვინოების წარმოება: გორული მწვანეს, ჩინურის, ხიხვისა და სხვა ქართული ვაზის ჯიშების ყურძნიდან. საუკეთესო შედეგები გამოავლინა აგრეთვე ისეთმა ფრანგულმა ვაზის ჟიშებმა, როგორებიცაა პინო და ალიგოტე.

წითელი

ასურეთული შავი; ბორჩალო; ბუზა; ბურძღუმი; განახარული; ენაგეთის წითელი; თავკვერი ქართლის; მარნეულის შავი; პირღებულა შავი; საფერავი ატენის; საფერავი ბეჟაშვილის; საფერავი მეჯვრისხევის; ფართალა შავი; ქიშური შავი; ქციის შავი; ღარიბა შავი; შავკაპიტო; ჩინური შავი.


თეთრი

ადრეული; ანდრეული; ანდრიასეული; ანდრიული; არაგვისპირული; ბუდეშური თეთრი; გორულა; გორულა მწვანე; გრძელმტევნიანი; დაკიდულა; ენაგეთის თეთრი; ვირა ყურძენი; კასპური თეთრი; ლაკი; მარნეულის ადრეულა; მელიკუდა; მკვრივი ყურძენი; მუხა მწვანე; მწვანე ავრეხი; პირღებულა თეთრი; საადრეო თეთრი; საბატონო; სიონის თეთრი; ფართალა თეთრი; ქიშური თეთრი; ქიშური მსხვილმარცვალა; ქიშური საადრეო; ქციის თეთრი; ღარიბა თეთრი; შაბა; შირაკენი; ჩინური; ჩინური ავრეხი; ჩიტისთვალა ქართლის; წკენი; ჭროღა ქართლის; ჭყაპა; ჭყარტალა; ხარისთვალა ქართლის; ჯვარი.

სხვა

დიღმურა; კაპიტა; ქართლური ჭროღა; წითელი ვაზი; ღრუბელა ქართლის; დანახარული; კეხვა; პირღებულა ვარდისფერი; ტატანაური; ქურთას ვარდისფერი.