იმერეთი საქართველოს მევენახეობა – მეღვინეობის უძველესი და უმთავრესი რეგიონია, პროდუქციის როგორც რაოდენობის ისე ხარისხის მხრივ. იგი იყოფა სამ ზონად: ზემო, შუა და ქვემო იმერეთად. ვენახები გაშენებულია მდინარეების რიონის, ყვირილას, ჩხერიმელას, ძირულას და მათი შენაკადების ხეობებში, ზღვის დონიდან 50 – 500 მეტრ სიმაღლემდე, ნეშომპალა – კარბონატულ, ყომრალ, ყვითელ მიწა და ეწერ ნიადაგებზე. ჰავა საკმაოდ ნოტიოა, ზომიერად ცივი, თოვლიანი ზამთრითა და მშრალი, ზოგჯერ გვალვიანი, ცხელი ზაფხულით. საშუალოდ წელიწადში აქტიური ტემპერატურის ჯამი 3200 – 41 000 – ს შორის მერყეობს, ატმოსფერული ნალექების ჯამი 1200 – 1500 მმ ფარგლებში, მზის ნათების ხანგრძივობა კი 1200 – 2100 საათს შეადგენს. იმერეთის მევენეახეობა – მეღვინეობა ხასიათდება ვაზის აბორიგენული ჯიშებისა და მათგან წარმოებული მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოების მრავალფეროვნებით.
ზემო იმერეთში უმთავრესად მზადდება ნაზი, ხალისიანი ცქრიალა ტიპის ღვინომასალები, აგრეთვე მსუბუქი ევროპული ტიპის თეთრი და წითელი სუფრის ღვინოები, ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ძველშავის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან.
შუა იმერეთი მევენახეობა – მეღვინეობის ძირითად ზონად ითვლება დასაველეთ საქართველოში. ვენახები ამ მიკრო რაიონში გაშენებულია ზღვის დონიდან 140 – 470 მეტრ სიმაღლეზე. ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, ალადასტურის, კრახუნას, ძველშავის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან მზადდება წარმოშობის ადგილის და ჯიშობრივი დასახელების, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალური, სუფრის თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოები.
იმერეთში მრავალსაუკუნოვანი ხალხური ტრადიციების საფუძველზე შექმნილია იმერული ტიპის ღვინის დაყენების ორიგინალური ტექნოლოგია, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ყურძნის ტკბილის ალკოჰოლური დუღილი წარმოებს მიწაში ჩაფლულ ჭურებში დურდოზე (ჭაჭა – კლერტის გარეშე), რომელიც მთელი მადუღარი მასის 4 – 6 % – ს შეადგენს. დადუღების შემდეგ ღვინომასალას ჭურში აყოვნებენ 1,5 – 2 თვით, შემდეგ ხსნიან დურდოდან, გადააქვთ კასრებში და შემდგომი მოვლა – დამუშავება არსებული ინსტრუქციით გრძელდება. ასეთი წესით დაყენებული ღვინო ევროპული ტიპის ღვინოსთან შედარებით უფრო ექსტრაქტულია და სხეულიანი, ამავე დროს მსუბუქია, ჰარმონიული და ხასიათდება სასიამოვნო გემოთი და ყურძნის ჯიშური არომატით.
ქვემო იმერეთი მოქცეულია იმერეთის დასავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის აუზში. აქ ვენახები გაშენებულია 40 – 420 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მეღვინეობის თვალსაზრისით ეს ზონა ორდინალური ღვინოების ზონაა, სადაც ცალკეული უბნებში მზადდება ხარისხოვანი ღვინოები ადგილობრივი ვაზის ჯიშებისაგან.

წითელი

ადანასური; ბეწოურა; ბზვანურა; გაბეხოური შავი; დიდშავა; დონდღლაბი შავი; ენდელაძისეული; ვერტყვიჭალის შავი; კლერტმაგარა; კრახუნა შავი; კუნძა შავი; კუპრაშვილისეული; მამუკას ვაზი; მამუკას საფერე; მარგული საფერე; მაღლარი; მაღრანული; მაჩანოური; მგალობლიშვილი; მელანიასეული; მტრედისფერა; ობჩური შავი; ოცხანური საფერე; რკოშავი; სამაჭრია; სამჭაჭა; ქველოური; ღორისთვალა; შავბარდა; შავყურძენა; შემოდგომის შავი; ძაგანიძე; ძელშავი ადგილობრივი; ძველი ობჩური; ძველი სამაჭრე; ძიგანოური; ძირაგეულის შავი; ჭანკილოური; ხითერი(უღია).

თეთრი

ბაზალეთური; გაბეხოური თეთრი; გომის თეთრი; დონდღლაბი თეთრი; ვერტყვიჭალის თეთრი; თითა იმერული; თქლაფა; თხლაფა; კაპისტონი გაღმოური; კაპისტონითეთრი; კიკაჩა თეთრი; ; კრახუნა თეთრი; კუნძა თეთრი; მსხვილთვალა; მსხვილკუმფხალა; მურადოული; მცვივანი; იმერული; მწვანე იმერული; მჭკნარა დონდღლაბი; ნათელა; ოხტოურა; რკოთეთრი; უცნობი თეთრი; ქართულა; ქვიშხური (გორულიმწვანე); ჩიღვინაური; ჩხინკოური; ციცქა; ციცქა გაბეხოური; ციცქა საჩხერული; ცოლიკოური; ცოლიკოური გრძელმარცვალა; ცოლიკოური კოხაძის; ცოლიკოური მსხვილმარცვალა; ცრუ ცილიკოური; წვრილმარცვალა თეთრი; წირქვალის თეთრი.

სხვა

გომის წითელი; მაჩანაური; რაბათის წითელი; ღრუბელა იმერული; ხარისთვალა კოლხური; ვანის ჩხავერი; უსახელოური ვარდისფერი; ფეროვანი პატარიძის.