ჩამიჩი: იგივეა, რაც ქიშმიში. ვხვდებით, როგორც უწიპწოს ისე წიპწიან ჩამიჩს.
ჩანი: თავღია, კონუსის ფორმის მუხის ტკეჩებისაგან დამზადებული ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება დურდოს ან ყურძნის ტკბილის დასადუღებლად.
ჩარექა: უპირატესად ღვინის ან არყის საწყაო, იტევს დაახლოებით ერთ ლიტრს. მზადდება თიხისგან და აქვს ორიგინალური ფორმა, რომელიც მოყვანილობით დოქს წააგავს.
ჩაროზი: იგივეა, რაც სადესერტო ღვინო.
ჩასავალი: ისეთი ქვევრი, რომლის სარეცხად აუცილებელია ქვევრის მრეცხავის ქვევრში ჩასვლა.
ჩაფი: ღვინის საწყაო, დიდი ზომის თიხის ცალყურა ჭურჭელია, მოუჭიქავი. ჩადის 16 – 18 ლიტრი ღვინო.
ჩაფკოკურა: ერთგვარი საღვინე ჭურჭელი.
ჩაფრუკა: თიხის ცალყურა, მომცრო და ფართეპირიანი უტუჩო ჭურჭელი, ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად და უფრო მოზრდილ ჭურჭელში ჩასასხმელად.
ჩაფურა: პატარა ჩაფი, თიხისაგან დამზადებული, ღვინის ცალყურა ჭურჭელია, პირგანიერი და დაბალყელიანი, ჩადის 4 – 6 ხელადა ღვინო.
ჩაჭრილა: რაჭაში მცირე ზომის საწნახლის სახელი. არის ერთიან ხის მორში ამოკვეთილი. იშვიათად დადებენ ურემზე და მისით ახდენენ, მოკრეფილი ყურძნის ვენახიდან მარნამდე ტრანსპორტირებას.
ჩოგანო თოხი: იხმარება ვენახის პირველი გათოხნის დროს.
ჩოტი: ძალზე მცირე ზომის ერთგვარი ნიჩაბი, ხოწი, გამოიყენება ჭურის მოხდის დროს ძელბარზე აკრული აყალო მიწის მოსაშორებლად, ასევე ორგოებისა და ჭურის ფარფალიდან აყალო მიწის ასაფხეკად.
ჩოტილა: იგივეა, რაც ჩოტი.
ჩხა: ყურძნიან რქებიანად აჭრილი მსხმოიარე ვაზის ტოტის სახელი.
ჩხანკო: ვაზის ანასხლავი წალამი, რქა.
ჩხირა ვენახი: ახლად ჩაყრილმა ვაზმა შეიძლება ყველამ არ გაიხაროს. აქა – იქ რომ გაიხარებს ვაზი, ასეთ ვენახს ჩხირა ვენახი ეწოდება.