ღვინი: ღვინოს ეძახიან ლაზურად.

ღვინითბილი: წითელი ღვინისაგან დამზადებული შეჭამადია, გვხვდება ძირითადად რაჭაში, წამოდუღებულ ღვინოს ემატება ნიგოზი, ნიორი, კვლიავი და მარილი. კარგი მაწევარი საჭმელია.

ღვინის აქროლადი მჟავიანობა: ღვინოში აქროლადი მჟავების შემცველობა ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით.

ღვინის გადაბრუნება: ღვინის ავადმყოფობა, რომლის დროსაც ღვინო იმღვრევა და ეცვლება ფერი, უფრო ხშირად მზა, დადუღებულ ღვინოებს უჩნდება.

ღვინის გადაღება: როდესაც ღვინო ლექს გაიკეთებს მას, ლექის მოშორების მიზნით სხვა სუფთა ჭურჭელში გადაიღებენ. ღვინო შესაძლოა სხვა მიზეზითაც გადაიღონ (ძირის გამოცვლა).

ღვინის გამწარება: ღვინის ავადმყოფობა, რომლის დროსაც ღვინოს ეძლევა გამოკვეთილი მწარე გემო. დაავადებას იწვევს ჰეტერო ფერმენტული ბაქტერიები. უმთავრესად წითელ ღვინოებს უჩნდებათ.

ღვინის თბილი: წითელი ღვინისა და ცხარე სანელებლისაგან შემზადებული სასმელი, გამოიყენებოდა ქონიანი საჭმლით გამოწვეული კუჭის აშლილობის წამლად.

ღვინის მოლბობა ანუ გალორწოიანება: ღვინის დაავადება. ძირითადად ავადდება დაუდუღარი, დაბალი ალკოჰოლისა და ტანინების მცირე შემცველობის თეთრი უსხეულო ღვინოები.

ღვინის სპირტი: ეთილის სპირტი, რომელიც მიღებულია ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების (ღვინო, ლექი, ჭაჭა) გამოხდის გზით.

ღვინის ტიტრული მჟავიანობა: ყურძნის ტკბილსა და ღვინოში არსებული მჟავების და მათი მჟავამარილების შემცველობა გადაანგარიშებული ღვინისმჟავაზე (საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ).

ღვინის ქიმია: იგივეა, რაც ენოქიმია. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ღვინოში არსებულ ქიმიურ ნივთიერებათა შედგენილობას, აგებულებასა და გარდაქმნის საკითხებს.

ღვინის ქვა: ღვინის ჭურჭლის შიდა ზედაპირზე გამოკრისტალებული, ღვინოში არსებული მჟავების მარილები.

ღვინის მწდე: ღვინის დამსხმელი და მიმრთმევი. იგივეა, რაც მერიქიფე.

ღვინო: ყურძნის ტექნოლოგიური გადამუშავების გზით მიღებული ყურძნის ტკბილის ან დურდოს, სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღებული პროდუქტი, ალკოჰოლური სასმელი.

ღვინო შუმი: ნატურალური ღვინო, თავანკარა ღვინო, შუმი.

ღვინობისთვე: ოქტომბრის თვის ძველი ქართული დასახელება. იგივეა, რაც სთულისა.

ღვინოთმცოდნე: ენოლოგი, სწავლული მეღვინე.

ღვინოთმცოდნეობა: ენოლოგია.