საბაგავი: საწნახლის გვერდების ასამაღლებელი ფიცრები, რომ მეტიყურძენი ჩავიდეს.

საბანე ღვინო: ხატოვანი თქმით, პატარა ვენახი, რომლის მოსავალი ერთ ლხინს თუ ეყოფოდა.

საბარძიმე ღვინო: სპეციალურად დაყენებული წითელი ღვინო, რომელსაც მართლმადიდებლური წირვის დროს გამოიყენებენ წმინდა ბარძიმში ჩასასხმელად და საზიარებლად.

საგლესელა: ხის ურო, რომელიც ქვევრის თავზე აყალოს მოსატკეპნად იხმარება.

საგოზელა: იგივეა, რაც საგნესი.საგნესი: მარნის იარაღია, ერთიანი ხის მორისაგან (მუხა, იფანი.) გამოთლილი. გამოიყენება ჭურის თავზე აყალო მიწის მოსატკეპნად. შეედრება საგლესელა.

სადუღარი: სასულე თიხის მილი, რომელსაც მადუღარ ქვევრს დაატანენ და ისე დატკეპნიან აყალოთი, რათა დუღილის დროს ქვევრმა ისუნთქოს.

სავაზე: ვაზის სასხლავი ცხვირმოკაუჭებული დანა. გამოიყენებოდა ძველად.

საზედაო მიწა: მიწა, რომელსაც დასავლეთ საქართველოში აყალოთი მოტკეპნილ ჭურს ზემოდან აყრიან, რათა აყალო არ გამოშრეს. აღმოსავლეთში საზედაო მიწას აყრიან უშუალოდ ქვევრის სარქველს.

საზედაო სარცხი: იგივეა, რაც სარცხი.

საირმე: სოფელი ცაგერის რაიონში, რომელიც ახლო წარსულამდე განთქმული იყო მექვევრეობითა და მეჭურჭლეობით.

საკოკია: მაჭრის გასაწურავი ეკლიანი მცენარის თავთავი.

საკრეფელი: პატარა გოდორი, გოგროხა, რომელშიც იყრება მოკრეფილი ყურძენი.

საკრი: აკაციის ან სხვა რომელიმე ხის წვრილად და მოკლე – მოკლედ დაჭრილი ლაფანი, რომელიც გამოიყენება ვაზის ასაკრავად, დასაკავებლად, შესაყელად.

სამაია: ღვინის დასალევი სამი პატარა ქვევრისაგან შედგენილი სასმისი.

სამამულე: გასხვლის დროს ვაზზე საგაისოდ დატოვებული ორ – სამ კვირტზე გასხლული რქა, ყურძნის მოსასხმელად.

სამარნე ჩაფი: დიდი ჩაფი.

სამაჭრე: თიხის მცირე ზომის განიერპირიანი ცალყურა ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება მაჭრის ჩასასხმელად. უმეტესად მოჭიქულია.

სამთავრავი: იგივეა, რაც საზედაო მიწა.

სამთხლე: იგივეა, რაც ქაფჩა. ქვევრის ძირში ნარჩენი ლექის ამოსაღები ხისტარიანი სამარნე იარაღი.

სამცრო: იგივეა, რაც საწნახლის ბაქანი.

სამჭდეური ჯოხი: ჭდეებიანი ჯოხი, რომელსაც გამოიყენებენ ნაკლულ ქვევრში ღვინის რაოდენობის გასაზომად. ასეთ ჯოხს ქვევრში ჩაუშვებენ და ჯოხის დანიშნულ ზოლებს ღვინო სადამდეც მოადგება და დაასველებს იმით იგებენ ქვევრში ღვინის რაოდენობას.

სანამყენეთა სადედე: ვაზის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი საკვირტე მასალის საწარმოებლად.

სანაჟურე: თიხის მოზრდილი ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია, ნასუფრალზე ღვინის სასმისებში ჩარჩენილი ღვინის ჩასასხმელად.

სარქველი ქვევრის: ქვევრის საფარებელი. აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად მზადდება ფიქალის ქვისაგან, მრგვალია და ქვევრის პირის ზომიდან გამომდინარე, ზოგი დიდია ზოგი მცირე, ხოლო დასავლეთში მზადდება ხისაგან. შეედრება ბადიმი და ორგო.

სარღვნელი: სპეციალურად შემტკბარი, წყალში გაზავებული წითელი ღვინო, რომელსაც მართლმადიდებლური წირვის დასასრულს ახლად ნაზიარებ მრევლს ასმევენ მცირე რაოდენობით.

სარჩუტა: პატარა ზომის სარი, რომელსაც ახალშენ ვენახს შეუყენებენ, რათა ახალგაზრდა ვაზი არ წაიქცეს, ან ქარმა და თოვლმა არ გადატეხოს.

სარცხელი: იგივეა, რაც სარცხი.

სარცხი: მწარე ბლის ქერქისაგან დამზადებული, ქვევრების ერთგვარი სახეხი, აქვს გრძელი ხის (თხილის) ტარი. აღმოსავლეთის მთის სოფლებში იშვიათად, მწარე ბლის ქერქის მაგივრად იყენებდნენ არყის ხის ქერქსაც.

სასასმო: იგივეა, რაც ღვინის სასმისი.

სასველე: გაყიდვისას ზედმეტად დასხმული ღვინო. (კოკამ ღვინის შეშრობა იცის და ნაკლულდება, ამიტომ ღვინის გაყიდვისას მუშტარს ცოტა ღვინოს უმატებენ ზედმეტად, რასაც სასველეს ეძახიან).

სასმური: იგივეა, რაც ღვინის სასმისი.

სასულე: იგივეა, რაც სადუღარი.

სასხლავი: დიდი დანა, ვაზთა რქების საკაფავი. შეედრება სავაზე.

სატალახე: დამატებით ჭიქა ღვინო, გამოტოვებული სადღეგრძელოს სანაცვლოდ. ქეიფის დროს გარეთ რო გავა ვინმე და შემოვა, მაშინ დაალევინებენ საჯარომოს და ამას სატალახეს ეძახიან. შეედრება აზამბარი.

სატკბილე: იგივეა, რაც თაღარი; ისარნა; თიხის დიდი ზომის პირგანიერი ჭურჭელია, საწნახლიდან გამოსული ყურძნის წვენის მოსაკავებლად. გვხვდება ქუსლიანი, მიწაში ნაწილობრივ ჩასაფლობად ან უქუსლო, წაკვეთილ ძირიანი, მიწაზე დასადგმელად.

საფილე: ქვევრის ფილის (ქვევრის ძირის) ჩასადგმელი ხის მოწყობილობა, მრგვალია. ქვევრს კეთებისას საფილეში აყენებენ, რადგან ჩვილია და თავს ვერ დაიჭერს, ქუსლი ჩაეჭყლიტება. საფილეში ისე დგამენ, რომ ქვევრის ქუსლი მიწას არ ეკარებოდეს.

საქალო მაჭარი: ორი – სამი დღის ადუღებული მაჭარი, ტკბილია და შუშხუნა.

საქაჯავი: ყურძნის ჭაჭის გამოსაწნეხი მოწყობილობა, ერთგვარი წნეხი. შეედრება წბერი.

საქაჯავის ძირი: ქვისაგან ან ხისგან გამოთლილი საქაჯავის, წბერის ძირი, რომლის ზედაპირზე ოთხკუთხედი მოყვანილობის ღარია ამოკვეთილი. მასში ჭაჭის ჩასაყრელი ყუთის ფიცრების თავები მაგრდება, რომელშიც ყურძნის ტკბილი ან ღვინო მოედინება.

საქვე: მესხეთში გავრცელებული ქვის კედლიანი ტერასების ერთ – ერთი სახეობა, რომელზეც ძირითადად გაშენებული იყო ვაზი და ხეხილი. შეედრება ოროკი.

საქვედაო სარცხი: იგივეა, რაც ორხელა სარცხი.

საქოსი: იგივეა, რაც მაწაწური. ქვევრის რეცხვისას, მის ძირში ჩარჩენილი წყლის ამოსაწური.

საღვინე: ღვინის ჭურჭელია, თიხის, 1 – 2 ხელადა ჩადის, პირი ტუჩიანი აქვს, გვხვდება მოჭიქულიც და მოუჭიქავიც.

საღი ღვინო: ღვინო, რომელსაც რაიმე ზადი, ავადმყოფობა თუ ნაკლოვანება არ აღენიშნება.

საშობური: საწნახლიდან, ყურძნის ტკბილის გამოსასვლელი ნახვრეტის სახელი რაჭაში.

საძელი: ჭურთ სარცხელი, ტყავკორა.

საძირე ვაზი: ვაზის მყნობისთვის გამოსაყენებელი ფილოქსერა გამძლე, მწარე ვაზის ერთწლიანი ლერწის კვირტდაბრმავებული ნაწილი.

საძმრე: ძმრის ჩასასხმელად და შესანახად განკუთვნილი დიდი ზომის თიხის ცალყურა ჭურჭელი. საძმრედ ხშირად გამოიყენებენ პირმოტეხილ ჩაფებს, გოზაურებს და კოკებს.

საწინდარი: მიწაში გასამრავლებლად გადაწვენილი ვაზის რქა.

საწინაო: ვაზის გასხვლის დროს ერთ ან ორ კვირტზე დატოვებული რქა.

საწნახელი: ყურძნის დასაწურად კლდეში ნაკვეთი, ხის ფიცრებისაგან, ხისმთლიანი მორისაგან, აგურისაგან, ქვითკირისაგან ან ერთიანი ქვის ლოდისგან გაკეთებული ერთგვარი ჭურჭელი, რომელშიც ყრიან ყურძენს და ფეხებით ჭყლეტენ. საქართველოში საწნახელში ყურძნის დაწურვას მხოლოდ მამაკაცები ახორციელებენ.

საწნახლის ბაქანი: ხის საწნახლის პირზე წინა მხრიდან სიგრძივ გაკეთებული ფიცარი, ერთგვარი თარო, რომელზეც ყურძნით სავსე გოდორს დგამენ და საწნახელში ისე ყრიან ყურძენს. ხის საწნახლისაგან განსხვავებული ბაქანი ქვითკირის საწნახელსაც აქვს.

საწნახლური: ხალხური სიმღერა შიდა ქართლში, რომელსაც ქართლელი მამაკაცები ასრულებდნენ საწნახელში ყურძნის წურვის დროს.

საწნახლის ღარი: გრძელი, შუაში ამოღარული ფიცარი, წიფლისა ან ცაცხვისა. საწნახელის ინდურიდან გადმოსული ტკბილი საწნახლის ღარს გაივლის და სადუღარ ქვევრში იმგვარად მოხვდება.

სახარჯო დასასხმელი: იგივეა, რაც სასველე.

სვირი: სოფელი ზესტაფონის რაიონში, მევენახეობის მიკროზონა, სადაც ცოლიკოურისა და ციცქას ჯიშის ყურძნისაგან აყენებენ სუფრის თეთრ ღვინო “სვირს”.

სთუელი: რთველი ძველ ქართულად.

სთულისა: ოქტომბრის თვის ძველი ქართული დასახელება.

სირაჯი: ღვინით მოვაჭრე მამაკაცის პროფესია მეთვრამეტე – მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში.

სირაჯხანა: სირაჯის დუქანი, ღვინის სავაჭრო.

სკიჯი: იგივეა, რაც ჩამიჩი, ქიშმიში, რომელიც შეიძლება იყოს წიპწიანი, ასევე წიპწის გარეშე.

სროსალი: იგივეა, რაც ლაფა, მოზელილი თიხის მოგრძო გუნდა, რომელსაც მექვევრეები, ქვევრის დამზადებისას იყენებენ. საქვევრედ მოზელილი თიხის მთლიანი რაოდენობა იყოფა პატარა გუნდებად, რომლებსაც კახეთში ლაფას უწოდებენ.

სულფიტაცია: ღვინოში გოგირდის დიოქსიდის დამატება სხვადასხვა დოზებით ღვინის ტექნოლოგიის სხვადასხვა ეტაპზე.

სურა: ვერცხლის საღვინე, ან მცირე თიხის კოკა.

სუფრის ყურძენი: სპეციალურად გამოყვანილი ვაზის ჯიში, ისხამს ხორციან და დიდ მარცვლიან მტევნებს, რომლებიც შედარებით დიდხანსაც ინახება. გამოიყენებენ საკვებად და არა ღვინის დასაყენებლად. სუფრის ყურძნად ზოგჯერ საღვინე ჯიშიც გამოიყენება. მაგალითად რქაწითელი, ჩინური, ალადასტური და სხვ.

სხუნუა: მეგრულად ვენახის გასხვლას ნიშნავს.