რთველი: ყურძნის სიმწიფისა და მისი კრეფის პერიოდი შემოდგომით.

როკი: ვაზის შტამბს ეძახიან იმერეთში.

როფი: ხის მორისაგან გათლილი ან ფიცრებისაგან შეკრული ხის დიდი ზომის პირღია ჭურჭელი, რომელიც ახლო წარსულში გამოიყენებოდა მეღვინეობაში და უპირატესად ღვინის ქარხნებში, ღვინისა და ლექის მოსაკავებელ ჭურჭლად.

როქი: ლექის და თხლის სახელი კახეთში.

რუმბი: კამეჩის ან ხარის მოკუპრული ტყავისაგან დამზადებული ღვინის ან ყურძნის ტკბილის გადასაზიდი, დიდი ზომის ჭურჭელი, რომელიც გადასატანად ურემზე იდებოდა. რუმბში შესაძლოა ჩაეტიოს 500 ლიტრამდე ღვინო.

რქავაზი: ვენახის გაშენების წესი, რომლის დროსაც ირგვება არა ნამყენი ნერგი, არამედ ვაზიდან აჭრილი ერთწლიანი ლერწი, ვაზის რქა იგივე რქავაზი.

რქის რქა: იგივეა, რაც ნამხარი, ნამხრევი, ბიჭა – ბიჭა, ქირქა.