ლაგვანი: დიდი ზომის ქვევრი.
ლაგვინარი: ქვევრის ერთ – ერთი ტიპი. ლაგვინზე მცირე ზომისაა.
ლაგვინი: ქვევრის ერთ – ერთი ტიპი. იგივეა, რაც ლაგვანი.
ლაგინა: მცირე ზომის დოქის სახელი გურიაში.
ლამი ვენახი: უქვო, უკენჭო შავი მიწის ვენახი, დიდ მოსავალს იძლევა, მაგრამ ღვინო ხარისხით დაბალია. უპირისპირდება ხირხატ ვენახს.
ლაფა: მოზელილი თიხის მოგრძო გუნდა, რომელსაც მექვევრეები ქვევრის დამზადებისას გამოიყენებენ. საქვევრედ მოზელილი თიხის მთლიანი რაოდენობა, იყოფა პატარა გუნდებად, რომელსაც კახეთში ლაფა ეწოდება.
ლაწება: მაღალი გოდორი, იხმარება ყურძნის კრეფის დროს. ჩვეულებრივ გოდორზე მოზრდილია.
ლახუტი: მცირე ზომის ქვევრის სახელი ოდიშში, რომელშიც ჩადის 50 – 60 ლიტრამდე ღვინო; საზედაშე პატარა ქვევრი.
ლერწი: იგივეა, რაც ვაზის რქა, ვაზის ტოტი.
ლექი: ღვინის ან ყურძნის ტკბილის დანალექი, ნაძირი მასა. ახალგაზრდა ღვინომ უფრო მეტი ლექი იცის, ვიდრე ძველმა. იგივეა, რაც თხლე.
ლიტრა: თიხის მცირე ზომის საღვინე ჭურჭელი ქართლ – კახეთში. აქვს ფართო ძირი და მაღალი, უპირატესად უტუჩო ყელი. იგივეა, რაც ნიტრა. გამოიყენებენ წყლის ჭურჭლადაც.
ლორდი: “ლორდი იგივე ლერწია, მხოლოდ ლორდი ჰქვია, სანამ დამწიფდებოდეს და გასხვილდებოდეს… ვენახი რო გამოიღებს კვირტს, რო წამოიზდება, იმას ლორდი ჰქვია, ლორდი რო გეიზდება კარგად, ლერწია”.
ლოცვაი ყურძენსა ზედა ეკლესიასა შინა: ყურძნის კურთხევის ლოცვა, რომელსაც აღასრულებს მართლმადიდებელი მოძღვარი ფერისცვალება დღეს. ძველად ქართველები ამ დღემდე ყურძენს არ სინჯავდნენ.
ლოცვაი დანერგვასა ვენახისასა: სპეციალური ლოცვა, რომელსაც აღასრულებს მართლმადიდებელი მოძღვარი ვენახის გაშენების დროს.
ლოცვაი სთულობასა ყურძნისასა: სპეციალური ლოცვა, რომელსაც აღასრულებს მართლმადიდებელი მოძღვარი რთველის დროს.