იმერული ბალიშა ცრუფარიანა: Neopulvinaria imeretina Hadj (ლათ.) ვაზის მავნებელი. აზიანებს ვაზის რქებს, ყლორტებსა და ფოთლებს.

იმერული ტიპის ღვინო: ღვინო, რომელიც დაყენებულია იმერული ვაზის ჯიშებიდან მოკრეფილი ყურძნისაგან, ღვინის დაყენების ტრადიციული იმერული წესით, რომლის დროსაც ალკოჰოლური დუღილი წარმოებს ჭაჭის არა სრულ, არამედ მაქსიმუმ ერთ მესამედ ნაწილზე.

ინდური: (ხის) საწნახლის გამოშვერილი ღარიანი ნაწილი, რომელზეც ტკბილი გამოდის.

ისარნა: დიდი ჭურის მსგავსი ფართო ძროიანი ჭურჭელი. ხმარობენ ტკბილის ჩასასხმელად. იგივეა, რაც თაღარი და სატკბილე.

ისვრიმი: მკვახე, დაუმწიფებელი ყურძნის წვენის ნივრითა და მწვანილით შენელებული საჭმელი.

ისრიმი: უმწიფარი, ჯერ კიდევ თვალში შეუსვლელი ყურძენი, რომელიც გამოიყენება საწებელისა თუ კერძის სანელებლის დასამზადებლად. შეედრება ისვრიმი.

ისრიმობა: ყურძნის სიმწიფის პერიოდი, სანამ ყურძენი შეთვალდებოდეს.

იფნივენახი: მაღლარი ვენახი.