თაგვის გემონაკრავი: ღვინის დაავადება, რომლის დროსაც ღვინო იძენს თაგვის სპეციფიკურ, უსიამოვნო სუნს და გემოს.

თაგვისარა: Ruscus ponticus (ლათ.) ბუჩქბალახა, ეკლიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. აქვს წითელი მრგვალი კენკრა – ნაყოფი, თაგვისარასაგან დამზადებული ცოცხი გამოიყენება ქვევრების სარეცხად, სახეხად.

თავრიალ დაყენევაჲ: ვაზის გადაწვენის მესამე წელიწადს მას ჩვეულებრივი ვაზის სიმაღლეზე გადაჭრიან “თავრიალ დააყენევენ”.

თავრიალ ვაზ: ვაზი, რომელიც გადაწვენიდან მესამე წელიწადს მოსავალს იძლევა.

თათარა: ცეცხლზე ნადუღი ყურძნის ტკბილისა და პურის ფქვილისგან გაკეთებული ფაფისებური ტკბილი საჭმელი. ჩურჩხელას თათარაში ავლებენ.

თალარი: ტალავარი, ბოძებზე გადებულ ლატნებზე გაშვებული ვაზი, ზევით თავსიკრავს და ჩარდახივით კეთდება, ქვეშ მშვენიერი გრილია.

თამადა: ქართული ლხინისა და ჭირის სუფრეულის წინამძღოლი მამაკაცი, პურისუფალი, რომელიც განსაზღვრავს სადღეგრძელო – შესანდობართა თანმიმდევრობასა და სუფრის ხანგრძლივობას. თამადად ირჩევენ გამოცდილ და განათლებულ მამაკაცს, რომელიც გამოირჩევა სიტყვა – პასუხით, ცხოვრებისეული გამოცდილებითა და ჭკუა – გონებით. ქართველები თამადად დედაკაცებს არ ირჩევენ!

თანამეინახე: სმეულების დროს სუფრასთან მჯდომი სუფრის წევრი, თანამესუფრე.

თასი: ღვინის სასმისი უფრორე ვერცხლისა; ღვინის საშუალო ზომის სასმისი, რომელიც მზადდება მოჭიქული ან მოუჭიქავი თიხისაგან, ბრინჯაოსაგან ან სპილენძისაგან, ოქრო – ვერცხლისაგან და იშვიათად ხისგანაც.

თას – ფიალა: მოჭიქული თიხის ღვინის სასმისი, თასის მსგავსი მოზრდილი საღვინეჯამი.

თაღარი: თიხის დიდი ზომის პირგანიერი ჭურჭელია, საწნახელიდან გადმოსული ყურძნის ტკბილის შესაგროვებლად. გვხვდება ქუსლიანი, მიწაში ნაწილობრივ ჩასაფლობი ან უქუსლო, წაკვეთილ ძირიანი, მიწაზე დასადგმელად. იგივეა, რაც ისარნა და სატკბილე.

თაღარიან ქვევრი: ქვევრი, რომელიც იტევს ერთ თაღარს ანუ 30 ჩაფი (15 “ვედრო”), ამის მიხედვით ამბობენ: ორთაღარიანი, სამთაღარიანი…

თაყარი: იგივეა, რაც თაღარი.

თერმოლიზაცია: ბოთლებში ღვინის ცხლად ჩამოსხმის მეთოდი პასტერიზატორის დანადგარის მეშვეობით. ამ მეთოდს მიმართავენ ღვინის ისეთი ქარხნები, რომლებსაც ღვინის ცივად ჩამოსხმისათვის სათანადო ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნიათ. შეედრება ენოთერმი.

თქველო: ეკლის (აკაცია), ცაცხვის, თელის, წაბლის, ან კაკლის ხის ქერქის შიგნითა ნაწილი – ლაფანი, რითაც ვენახს ახვევენ.

თოხწერაქვა: თოხწერაქვას იქ ხმარობენ, სადაც გუთანი ან კავი არუდგება. ვენახის ძირები თოხწერაქვათი ღრმად ითოხნება. შეედრება ბართოხა.

თუნგი: ღვინის ჭურჭელი თიხის, ხოლო საწყაო თუნგი არს კოკის მეთორმეტედი); ღვინის საწყაოა, ჩადის ორი ხელადა ღვინო. თუნგი მზადდება, როგორც თიხისაგან, ისე სპილენძისგანაც.

თუნგულა: შედარებით მცირე ზომის თიხის თუნგი ღვინისთვის. იგივეა, რაც თუნგურა.

თუში: ჭურის გადასატანი სპეციალური, დაბალი ურემი, რომელსაც მოკლე ჭალები აქვს.

თხელი ანუ მჩატე ღვინო: ღვინო, რომელსაც არასაკმარისი სხეული და სიმაგრე აქვს.

თხიერაკი: იგივეა, რაც თხიერი, ტიკი ან კუპრიელი; თხის ან თიკნის ტყავისაგან დამზადებული შიგნიდან მოკუპრული ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია ღვინის ჩასასხმელად და გადასატანად. იშვიათად გვხვდება მოუკუპრავი ტიკებიც.

თხიერი: იგივეა, რაც ტიკი.

თხილაგუნა: ქვემო იმერეთში გვხვდება ტყის ყურძნის აღმნიშვნელი სიტყვები: თხილაგუნა და თხილაკუნა (თეთრი ყურძენია).

თხლე: იგივეა, რაც ღვინის ლექი, ღვინის ჭურჭლის ძირში დანალექი მასა.

თხლის შეჭამანდი: ღვინის თხლე, ანუ ლექი საცერში გაიწურება, ფქვილი მოეკიდება, მარილითა და ნივრით შეზავდება და ცეცხლზე წამოდუღდება. (საკვებად გამოიყენება მამაკაცების სქესობრივი სისუსტის დროსაც). შეედრება მაჯიგარო.

თხლუპი: იგივეა, რაც თხლე.

თხოლო: ღვინის თხლის სახელწოდება ლაზეთში.